საქართველო გეოგრაფიულად ევრაზიის კონტინენტზე მდებარეობს, ევროპასა და აზიას შორის მოქცეულ იმ უძველეს სატრანსპორტო მაგისტრალზე, რომელსაც „კავკასიის ყელს“ უწოდებენ. ფიზ. გეოგრაფიულად მდებარეობს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ქვეყანათა ცენტრში. დიდი და მცირე კავკასიონის სახით წარმოდგენილია ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების შიდა და გარე ზოლი. იგი შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელი სრუტეებით-ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან. საქართველო მდებარეობს ჩრდ. განედის 41-43 და აღმ.გრძედის 40-46 გრადუსებს შორის. საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა. ლიხის ქედი მას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ქვეყნის სამხრეთი, მცირე კავკასიონის ქედებს უკავია. ჩრდილოეთით კავკასიონის მთები გაცილებით შთამბეჭდავია და მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 5.000 მ. აღემატება. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარაა (5.068 მ.). სიმაღლით გამოირჩევა მთები: ყაზბეგი, თეთნულდი და უშბა. სახნავ-სათესი მიწა -16%, საძოვრები- 25%, ტყეები -34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონია.
ყველაზე დიდი მთები:
• შხარა 5.068 მ (16, 627 ფუტი)
• ჯანგა (ჯანგა-ტაუ) 5.059 მ (16, 597 ფუტი)
• მყინვარწვერი (ყაზბეგი) 5.047 მ (16, 558 ფუტი)
• შოთა რუსთაველი 4.860 მ (15, 944 ფუტი)
• თეთნულდი 4.858 მ (15, 419 ფუტი)
• უშბა 4.700 მ (15, 419 ფუტი)
• აილამა 4.547 მ (14, 917 ფუტი)
საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 25.075 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ.-ს აღწევს. 99.4% ძალიან მცირე სიგრძისაა (25 კმ.ზე ნაკლები). შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18.109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს -7.951. საქართველოს მდინარეთა მთავარი წყალგამყოფი ლიხის ანუ სურამის ქედია. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს მდინარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრელი აუზი არ აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. ყველაზე გრძელი მდინარე დასავლეთ საქართველოში არის მდ. რიონი (327 კმ.),რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთიდან, ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2.960 მ. სიმაღლეზე და ერთვის შავ ზღვას ფოთთან. მდინარე მტკვარი, ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა, სათავე აქვს თურქეთში (2742 მ.), ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე და ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 1.515 კმ.ია, აუზის ფართობი 188 ათ.კმ. საქართველოში, მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ. მონაკვეთია მოქცეული.
ყველაზე დიდი მდინარეები:
• მტკვარი 1364 კმ. (847,5 მ)
• თერგი 623 კმ. (391, 1 მ)
• ჭოროხი 438 km (272,1 მ)
• ალაზანი 351 კმ.(218,1 მ)
• რიონი 327 კმ. (203,1 მ)
• თორი 320 კმ. (198,8 მ)
• ენგური 215 კმ. (132,3 მ)
საქართველოში 960-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ.ს არ აღემატება (რესპუბლიკის ტერიტორიის 0, 24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავალფეროვანი გენეზისით გამოირჩევა.
ყველაზე დიდი ტბები:
• ფარავანი 37,5 კმ. (14,4 მ
• კარწახი 26,3 კმ (10,1 მ)
• ჯავახეთის ზეგანი 18,2 კმ. (7,0 მ)
• პალიასტომი 18,2 კმ. (7,0 მ)
• ტაბაწყური 14,2 კმ. (5,4 მ)
• ხანჩალი 13,3 კმ. (5,1 მ)
• ჯანდარი 10,6 კმ. (4,0 მ)
• რიწის ტბა სიღრმე 101 მ
საქართველოს, მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყალი და არის 2000-ზე მეტი მინერალური წყარო. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების, გინეკოლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა მკურნალობას, პროფილაქტიკას და რეაბილიტაციას საქართველოს კურორტებზე. თერაპიული თვისებები ახასიათებს თერმულ სულფიდურ, რადონურ, აზოტოვან, სალიციუმიან მინერალურ წყლებს, რომლებიც გამოიყენება სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკუნალოდ. ეს წყლები გამოიყენება წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე. ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების გამო საქართველოში 340 საკურორტო ადგილია გამოყოფილი, რომლებიც გამოიყენება ჯამრთელობის განმტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.