მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
მნახველი 12233
მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
სვანეთი
სვანეთი, ულამაზესი მხარე საქართველოში, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, საიდანაც, შუალაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებენ. სვანეთი, კულტურის უძველესი კერაა. აქ მრავლად შეხვდებით ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც საქართველოს რამოდენიმე მუზეუმშიინახება.
სვანეთის ქედისვანეთს ორ ნაწილად, ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას,სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი-ცხენისწყლის ხეობას, სათავიდან, მურის ხიდამდე. ზემო სვანეთის სოფლები იუნესკოს მემკვიდრეობის მფარველობაშია.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ.), ჯანგა (5060 მ.), თეთნულდი (4860 მ.), აილამა (4550 მ.), გესტოლა (4860 მ.) წურუნგალა (4220 მ.), მაზერი (4010 მ.), და სხვა.
სვანეთში დღემდე შემონახულია უნიკალური არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, სვანეთის სალოცავები ძველი ტრადიციული დღესასწაულებით. მთის მწვერვალები და მყინვარწვერები იპყრობენ მთასვლელების და მოგზაურების ყურადებას.
ისტრორიული ძეგლების გაცნობა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა სვანეთში.
სვანეთის ღირშესანიშნაობები:• უშგულის ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (IX- X ს.ს.),
• მესტია,
• სოფელი უშგული,
• ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია ( X ს.),
• მუჟაალის სოფ.ჩვაბიანის მაცხოვრის სახელობის ეკლესია ( X ს.),
• ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია ( X ს.),
• სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ( XX ს.),
• კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია ( X ს.), და სხვა.
ხევი
ხევი,ეს უნიკალური მხარე კავკასიონის ჩრილოეთ ფერდობზე თერგის აუზში მდებარეობს და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით ესაზღვრება -ხევსურეთი, სამხრეთით-მთიულეთი, ჩრდილოეთით-ოსეთი და დასავლეთით -შიდა ქართლის მთიანეთი. ტერიტორიის ფართობი 1081,7 კმ.ია, ხოლო ადმინისტრაციული ცენტრი -ყაზბეგი (სტეფანწმინდა).
ხევის მთავარი მდინარე არის თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში.
ხევის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რაც დასტურდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამეცნიერო ლიტერატურით, რომელიც „ყაზბეგის განძის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იგი მიეკუთვნება ძვ.წ. X-VI - ახ.წ. IV-VI საუკუნეებს.ისტორიკოსთა გადმოცემითXII საუკუნემდე ხევს ერქვა „წანარეთი“, რომელიც მოიცავდა თერგის ხეობას, თრუსოს სათავიდან დარიალის კარიბჭემდე. შესაბამისად, „წანარეთის“ მცხოვრებთა ისტორიული სახელწოდება იყო „წანარეთი.“ „წანართა“ პერიოდშია შექმნილი დღეს არსებული ქრისტიანული ეკლესიები და სასიგნალო კოშკებიხევში.
ამ ულამაზეს მხარეს გარს არტყია კავკასიონის მთები და მყინვარები: ყურო, ნაროვანი, შინო, ბახნო, ლიჯე, საკეცენი, დიდო, ხდე, დარიალა, აბანო, ორწვერი, და სხვა. ამ მთების სიმაღლე 2.000-დან 5.000 მ. აღწევს, ვულკანური წარმოშობის მყინვარების სიმაღლე კი 5.043 მეტრია.
ხევი მდიდარია მინერალური და გოგირდოვანი ცხელი წყაროებით. იგი მოქცეულია ალპების სარტყელში, შესაბამისად, აქ უხვადაა ალპური მცენარეები და სუბალპური მდელოები. ტერიტორიაზე ტყეს აქ ნაკლებად შეხვდებით. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. მთიან საფეხურებზე გვხდება წიფელი.
ცხოველები: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, მურა, დათვი, მელა, მგელი, დედოფალა, კვერნა, ტყის კატა, კურდღელი... ფრინველები: ორბი, კავკასიური როჭო, მთვის არწივი, სვავი, ჩხიკვი, და სხვა.
ხევი-ყაზბეგის ღირშესანიშნაობები:• გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძა (XIV ს.),
• სნოს ციხე (ღუდუშაურის ციხე) (XVI- XVII ს.ს.),
• ხევის სიონი (IX- X ს.ს.),
• ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე (ზ.დ. 4100 მ.),
• არშის ციხე (XVI- XVII ს.ს.),
• დარიალის ციხე (ძვ.წ. I I ს. და ახ.წ. XVII ს.),
• გარბანის ეკლესია (IX- X ს.ს.), და სხვა.
თუშეთი
თუშეთი, მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ.განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი896 კვ.კმ-ია და ზღვის დონიდან 1650-4493 მ. სიმაღლეზე მდებარეობს; თუშეთს, აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით-კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი-გომეწრისა და პირიქითისა“.
თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი „აბანოს“ უღელტეხილი (2917 მ) უნდა გადაკვეთო. იგი, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული. თუშეთის ქედის (ჩრდილოეთით) უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ.), ხოლო მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3574 მ.), დიდგვერდი (3334 მ.) და პატარა ბორბალო (3180 მ.). თუშეთის ჰავა კონტინენტურია, აქ ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის. წლის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუსია. თოვლიდასახლებულ პუნქტებში შეიძლება სექტემბერშიც მოვიდეს და ივნისამდე გასტანოს. ზამთარში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალია. მთავარი ცენტრად ითვლება ომალო (1880მ.).
თუშეთი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კავკასიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც ინდივიდების სახით არის შემორჩენილი. ხეობები უმთავრესად ტყითაა დაფარული. ეს სახეობებია: ფიჭვი, ცაცხვი, არყის ხე (ალპის ზონასთან ახლოს დომინირებს), ჭნავი, ბოკვი, მურყანი, ვერხვი, ცირცელი,დეკა, და სხვა. ცხოველებიდან აღსანიშნავია: ჯიხვი, თხა, ვაცი, ირემი, დათვი, მგელი, აფთარი, მაჩვი, მელა, კურდღელი, სამივე ალაზანში არის კალმახი.
თუშეთი განთქმულია მეცხვარეობით, აქაური ცხვრის ყველი საუკეთესოა მთელს საქართველოში. აქ, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები.თუ თუშეთში დღესასწაულის დროს მოხვდებით, შეგიძლიათ ისროლოთ მშვილდი, იჯირითოთ ცხენით, დააგემოვნოთ თუშურიყველი, ადგილობრივი ლუდი, რომელიც მხოლოდ დღესასწაულების დროს იხარშება... არ გაგიკვირდეთ თუ გზად შეგხვდებათ ორბი, ბატკანძერი, მთის არწივი, კაკაჩები, კირკიტა, როჭო ანშურთხი, ან გზად იხილავთ შველს... თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი (10694 ჰა.), გამორჩეულია სახეობრივი მრავალფეროვნებით, ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიური რელიქტურ სახეობათა არსებობით, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში.
თუშეთის ღირშესანიშნაობები:• ომალოს კესელოები (XVIII ს.),
• დართლოს ციხე -კოშკები (გვიანი შუა საუკუნეები),
• შენაქოს ეკლესია (XIX ს.),
• დანოს ნასოფლარები (გვიანი შუა საუკუნეები),
• კვავლოს ნასოფლარები (გვიანი შუა საუკუნეები),
• თუშეთის ეროვნული პარკი,
• წყაროს ციხე, და სხვა.
მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
მთიულეთი
მთიულეთი, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს-ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთით საზღვარია მთიულთკარი, ჩრდილოეთით-თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით-გუდმაყარი, დასავლეთით-ლომისის ქედი. თავდაპირველად, მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII სკ.დან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულებზე: „თავს ხადა ბოლოს ცხავატი“, მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე, ცნობილია რომადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულებად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით, მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია მიიჩნევა, ცენტრად კი, დაბა ფასანაური. ტერიტორიის ფართობი- 2981.5 კმ.ია. ტერიტორიის საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს, აგრეთვე გვხვდება წიფელი.
ცხოველები: კავკასიური ჯიხვი, შველი, არჩვი, ირემი, მურა, დათვი, კურდღელი, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა. ფრინველები: კავკასიური შურთხი, როჭო, მთის არწივი, ძერა, ხოხობი, კოდალა, შაშვი, და სხვა. თბილისიდან 100კმ.ის მანძილზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ წმ. ნინოს.
მთიულეთის ღირშესანიშნაობები:• ლომისის წმ. გიორგის ეკლესია (VII- IX ს.ს.),
• ჩინთის კოშკი (XVII ს.),
• ანანურის კომპლექსი (XIV- XVII ს.ს.),
• კოდის წყარო (XVII ს.),
• ავენისის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი (IX ს.),
• ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIIIს.), და სხვა.
ფშავ-ხევსურეთი
ფშავ-ხევსურეთი,ეს ულამაზესი მხარე, ღრმა კავკასიონის ბუმბერაზ მთებშია მოქცეული. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი კი-არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს, ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით -თუშეთი, დასავლეთით-ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით-ფშავი. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ძველ ქართულ მატიანეში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელწოდებით, თვით ხევსურები და ფშაველები კი „ფხოველებად“ იწოდებიან. ამას მოწმობს გეოგრაფ ვახუშტის ცნობა; იგი ჰერეთ-კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარის აღწერაში ამბობს:,,...არამედ აწ უწოდე ფშავ-ხევსურეთსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოველნი. ამ უმშვენიერეს მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, რაზეც ბრინჯაოს ხანის აქ აღმოჩენილი ნივთები მოწმობენ. ხევსურები მართმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უმეტესად კერ კიდევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებიან, ამიტომაც, აქ, წარმართული სამლოცველო უფრო მრავლადაა, ვიდრე ეკლესია-მონასტრები.
ხევსურეთის სიამაყე სოფ. შატილია, ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ძეგლი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოელი ტომების შემოსევებისაგან.
ხევსურეთის ღირშესანიშნაობები:• ხახმატის და ახიელის ციხეები,
• ლებაისკრის ციხე,
• მუცოს ციხე-სოფელი,
• არდოტის ციხე-სოფელი,
• ხახაბოს ციხე-სოფელი,
• შატილის ციხე-სოფელი,
• გუდანის ჯვარი,
• ანატორის ჯვარი,
• აკლდამები, და სხვა.
რაჭა
რაჭა,დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში მდებარეობს. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდილო-დასავლეთითქვემო სვანეთის მთები, სამხრეთით- ნაქერალის მთა, აღმოსავლეთით ლიხის მთა. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფა: მთის რაჭა, ზემო და ქვემო რაჭა.
ვახუშტი ბაგრატიონი რაჭის შესახებ წერს: ,,...ბალახიან-ყუავილოვანნი, ნადირიან-ფრინველიანნი, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან. ჰავით არს კეთილმშუენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი. პირუტყვნი, აქლემს გარდა ყოველნი, და არა მრავლად. მდინარეთა კალმახნი მრავალნი, სხუა თევზი არარაი, არცა რიონსა შინა. კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. პირველად იყო რაჭა შორაპანის საერისთაო, მერმე იქმნა თვით საერისთაოდ, და შემდგომად კახაბერის მოწყუედისა ეპყრათ მეფეთა. მერმე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთაობა, და აწცა არიან იგინი ერისთავად რაჭას, და არს მესამე სადროშო...“
რაჭის ღირშესანიშნაობები:• ნიკორწმინდის ეკლესია (1010-1014 წ.წ.),
• ბარაკონის ტაძარი (1753 წ.),
• ხოტევის ციხე (XVII ს. II ნახ.),
• მრავალძალის ეკლესია (XI ს.),
• ონის ციხე (შუა საუკუნეები),
• პატარა ონის წმ. ნიკოლოზის და წმ.გიორგის ეკლესიები (XI ს.),
• ხვანჭკარის ეკლესია და ციხე (შუა საუკუნეები),
• მინდა ციხე (შუა საუკუნეები),
• უწერა -დარბაზული ეკლესია,
• შქმერის უშოლთის წმ.გიორგია ეკლესია,
• შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.),
• ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია (XIV- XV ს.ს.), და სხვა.
შემდეგი სტატიები
საქართველოს შესახებსაქართველოს გეოგრაფიაიუნესკოს კულტურული მემკვიდრეობაზამთრისა და ზაფხულის კურორტები3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში